მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაიზარდა თუ არა მოქალაქეთა მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე მომართვიანობა - განმარტება

სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, 2019 წელს წინა წელთან შედარებით მომართვიანობა მოქალაქეთა მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე გაიზარდა.

თოლორაია ამბობს, რომ ეს მონაცემები ყოველწლიურად მზარდია და საზოგადოების ცნობიერების გაზრდაზე მიუთითებს.

"მომართვიანობიდან 81% შეეხებოდა კერძო პირებისა და კერძო დაწესებულებების მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებს, ხოლო დარჩენილი 19% შეეხებოდა საჯარო უწყებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვას. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიყავით დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ მომართვიანობაზე, არ ვიყავით დამოკიდებული იმაზე მხოლოდ, თუ როდის მოგვმართავდა მოქალაქე თავისუფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე პროაქტიურად, ჩვენი ინიციატივით ვამოწმებდით სხვადასხვა კერძო დაწესებულებებში, საჯარო ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვას", - განაცხადა თოლორაიამ.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, 2019 წელს ჩატარებულია 156 შემოწმება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიმართულებით.

თოლორაიას თქმით, ეს მონაცემებიც მზარდია წინა წელთან შედარებით.

"მომართვიანობის ზრდის პარალელურად შემცირებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რაოდენობა პერსონალურ მონაცემთა მიმართულებით, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ გაზრდილი მომართვიანობის ფონზე შემცირებული სამართალდარღვევების პირობებში პერსონალურ მონაცემთა მდგომარეობა კერძო დაწესებულებებში და საჯარო სექტორში ნამდვილად არის გაუმჯობესებული. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 135 პირს, რომელთა შორის იყვნენ კერძო პირები ასევე კერძო დაწესებულებები და აქედან 39 შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა საჯარო დაწესებულებას. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებით, ასევე გავცემთ რეკომენდაციებს, გავცემთ სავალდებულო შესასრულებელ დავალებებს, რომლის საფუძველზეც საჯარო და კერძო ორგანიზაციები კიდევ უფრო აუმჯობესებენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მდგომარეობას", - დასძინა თოლორაიამ.