მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაიზარდა თუ არა საქართველოში კარანტინის დროს ოჯახში ძალადობის ფაქტები?

ძალადობა ქალზე

შინაგან საქმეთა სამინიტრო ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, პანდემიის გავრცელების პირობებში, ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდა არ შეინიშნება.

2020 წლის მარტში, ოჯახურ კონფლიქტებსა და ძალადობასთან დაკავშირებით 112-ში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა თითქმის იდენტურია 2020 წლის იანვარსა და 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობის.

2019 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა 2020 წლის თებერვალში 112-ში დაფიქსირებული შეტყობინებების ტენდენციას ემთხვევა.

2020 წლის იანვარში შესაძლო ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის დაახლოებით 520-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. აქედან, 13% ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას ეხებოდა. ამავე წლის თებერვალში გამოძიება დაახლოებით 490-მდე ფაქტზე დაიწყო. აქედან, 12% ბავშვის მიმართ შესაძლო ძალადობას ეხებოდა, ხოლო მიმდინარე წლის მარტში გამოძიება დაახლოებით 470-მდე შემთხვევაზე დაიწყო. აქედან ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას 10% ეხებოდა.

2020 წლის მარტში შესაძლო ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციას უმეტესად თავად მსხვერპლმა მიმართა. ამავე წლის თებერვლისგან განსხვავებით, მეზობლების მხრიდან ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისათვის მიმართვის მცირედით ზრდა შეინიშნება. კერძოდ, მსხვერპლისა და მისი ოჯახის წევრის შემდეგ, ოჯახში ძალადობის თაობაზე შეტყობინების ინიციატორი იყო მეზობელი.

2020 წლის იანვარშიც მეზობლების მხრიდან პოლიციისათვის შეტყობინების ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. აგრეთვე, იანვრიდან მოყოლებული მცირედით შემცირებულია ყოფილ მეუღლეებს შორის შესაძლო ძალადობის ფაქტები. სამივე თვეში, უმრავლეს შემთხვევაში (98%) გამოიძიება შეტყობინების მიღებისთანავე, იმავე დღეს დაიწყო. რამდენიმე შემთხვევაში შეტყობინების ბუნდოვანებიდან გამომდინარე, სადაც საჭირო იყო განმცხადებელთან დეტალების დაზუსტება, გამოძიება დაიწყო შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

2020 წლის იანვარში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 947 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, თებერვალში - 840-მდე, ხოლო მარტში - 930-მდე. 2020 წლის მარტში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა თითქმის იდენტურია წინა წლის მარტში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობისა. 2020 წლის მარტში შემაკავებელი ორდერი უმეტესად ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე გამოიცა.

2020 წლის იანვრისა და თებერვლისგან განსხვავებით, მარტში მცირედით გაზრდილია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი, ხოლო მცირედით შემცირებულია ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე

"ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მიზნით, პოლიცია პატრულირებს ქუჩებში, რაც კიდევ უფრო მეტი დაცულობის განცდას უჩენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს და, დროის მონაკვეთის მიუხედავად, პოლიცია მზად არის, შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს.

ამდენად, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლს აქვს შესაძლებლობა, რომ დასახმარებლად დაუყოვნებლივ მიმართოს პოლიციას.

აგრეთვე, პოლიციისათვის შეტყობინების მიზნით შეგიძლიათ: ტელეფონით დარეკოთ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე - 112; 112-თან დასაკავშირებლად გამოიყენოთ მობილური აპლიკაცია (112 Georgia), რომლის ინსტრუქცია მოცემულია ბმულზე - http://112.gov.ge/index.php?m=147.

ასევე, შეგიძლიათ კონსულტაციის მიზნით დაუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს facebook გვერდის მეშვეობით. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი აგრძელებს ოჯახში ძალადობის დინამიკაზე დაკვირვებას და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა რელევანტურ უწყებებთან კოორდინაციით გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს",- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების ანალიზის ტექსტში.