მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანეზაშვილი: სასამართლოებში 109 ადგილი ვაკანტურია, მოქალაქეები კი, გადაწყვეტილებებს წლობით ელოდებიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი

„მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების პოლიტიკამ სასამართლოს სისტემის კოლაფსი გამოიწვია, რაც სასამართლოში არსებული უმთავრესი პრობლემების უგულებელყოფის შედეგია. გარდა იმისა, რომ არ არის მიღწეული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მოსამართლეთა მიერ საქმეთა განხილვის გაჭიანურებაც მოქალაქეებისთვის უდიდესი ზიანის მომტანია. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ რამდენად ახერხებს დღევანდელი სასამართლო მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებას“,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, სასამართლო სისტემის ფუნქციონირების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსამართლეთა რაოდენობას.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, დღეისათვის საქართველოს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში, 387 მოსამართლის ნაცვლად, 278 მოსამართლეა, რადგან 109 ადგილი ვაკანტურია. ვაკანსიების უპრეცედენტო რაოდენობა პირდაპირ მიუთითებს, რომ სასამართლო ხელისუფლებას ქვეყნის მასშტაბით მოსამართლეების საჭირო რაოდენობა არ ჰყავს, რაც სასამართლო პროცესების გაჭიანურების მთავარი მიზეზია.

„ამასთან, მოსამართლეთა მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევას ეხება იმ საჩივრების დიდი ნაწილი, რომლითაც მხარეები ან მათი წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართავენ.

მოსამართლეთა ე.წ. კლანის პირდაპირი პასუხისმგებლობაა ის, რომ მოქალაქეები სასამართლოს გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეების (ასევე, შესაბამისი მოხელეების) დასამატებლად ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი ფინანსები; მიუხედავად ამისა, გავლენიანი ჯგუფი ხელოვნურად ინარჩუნებს მოსამართლეთა დეფიციტს. ეს განპირობებულია იმით, რომ ყველა იმ მოსამართლის ბედი, ვის წინააღმდეგაც დისციპლინური საჩივარი არსებობს, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ხელშია, რაც ე.წ. კლანს სისტემაში ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

მოსამართლეთა სიმცირის თვალსაზრისით არასახარბიელო ვითარებაა გამორჩეულად დატვირთულ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლის 24 ვაკანსიაა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს კი, 16 მოსამართლის ნაცვლად, 10 მოქმედი მოსამართლე ჰყავს“,- აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება სხვა სასამართლოებში, რადგან მოსამართლე არ ჰყავს გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

სასამართლოებს მაგისტრატი მოსამართლეები არ ჰყავს 26 მუნიციპალიტეტში, კერძოდ: აბაშაში, ადიგენში, ასპინძაში, ახალგორში, ახმეტაში, ბორჯომში, გარდაბანში, დედოფლისწყაროში, დმანისში, დუშეთში, ვანში, თერჯოლაში, თიანეთში, მარნეულში, მესტიაში, ნინოწმინდაში (ახალქალაქი), ონში, ქედაში, შუახევში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, წალკაში, ჭიათურაში, ხარაგაულში, ხობში, ხონში.

„სასამართლოებში ქაოსურად ცდილობენ ამ პრობლემასთან გამკლავებას. მაგალითად, ის მოსამართლე, ვინც სისხლის სამართლის მიმართულებით მუშაობს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საქმეებსაც იხილავს ან რაიონული სასამართლოს მოსამართლეები, ძირითად საქმიანობასთან ერთად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებენ“,- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ამ პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ კონკურსის მეშვეობით შეიძლება, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იშვიათად ატარებს.

„მაგალითად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინა კონკურსი 2018 წლის აგვისტოში გამოაცხადა, მომდევნო კი - 2020 წლის ივნისში. ამავდროულად, პრობლემურია ისიც, რომ ღია კონკურსებს ხშირად მოსამართლეები ერთი სასამართლოდან მეორე სასამართლოში გადასვლის საშუალებად იყენებენ. შიდა მობილობის გამო კი, ხშირ შემთხვევაში, ბევრი ვაკანსია შეუვსებელი რჩება.

ასევე თვალშისაცემია ის გარემოებაც, რომ კონკურენცია ძალზედ დაბალია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 98 ვაკანსიაზე გამოცხადებული მიმდინარე კონკურსით 71 პირი დაინტერესდა, რაც, მიმაჩნია, რომ სასამართლო რეფორმის წარუმატებლობაზე მიანიშნებს. გარდა ამისა, სასამართლოს მმართველი რგოლის მიმართ უნდობლობა იწვევს იმას, რომ მოსამართლეობის სურვილს შედარებით ნაკლები პროფესიონალი და კეთილსინდისიერი იურისტი გამოთქვამს, რადგან, როგორც ჩანს, მათ არ აქვთ განცდა, რომ არსებული პროტექციონიზმის პირობებში კონკურსში მათ მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება იქნება. ამასთან ერთად, დაბალი კონკურენცია სასამართლო სისტემაში პროფესიონალიზმის ხარისხზეც ნეგატიურად აისახება.

სასამართლო სისტემაში არსებული კოლაფსი, გარდა მოსამართლეთა მცირე რაოდენობისა, განპირობებულია მოსამართლეების არასამართლიანი და არასათანადო გადანაწილებით სხვადასხვა სასამართლოში. კერძოდ, სასამართლოებში, სადაც რესურსების მეტი მობილიზებაა საჭირო, ნაკლები მოსამართლეა და პირიქით. აღნიშნულის მკაფიო მაგალითია როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები, რადგან ორივე სასამართლოში (პირველი ინსტანციის სასამართლოებისგან განსხვავებით), მოსამართლეთა შტატების რაოდენობა საჭიროზე მეტია, რასაც მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობისა და გადანაწილების შესახებ ჩატარებული კვლევაც[1] მოწმობს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მოსამართლის 89 საშტატო ერთეულია, მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობაა 55 და არა 89. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც 8 მოსამართლის შტატი ზედმეტია“,- აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მას მიაჩნია, რომ მოსამართლეების დაუბალანსებელი გადანაწილების და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა გამოკვეთილად ჭარბი რაოდენობის მიზეზი მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფია, რადგან მათი დიდი ნაწილი სწორედ სააპელაციო სასამართლოებში იყრის თავს.

„იმისთვის, რომ სასამართლო სისტემამ შეძლოს ფუნქციონირება, შექმნილ ვითარებაში ერთ-ერთი გამოსავალია, გაიზარდოს მოსამართლეთა რაოდენობა მოსამართლეთა ვაკანსიებზე კონკურსის ჩატარების გზით. შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რომლითაც უნდა განისაზღვროს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების კონკრეტული ვადები. ასეთი ვადები ამჟამად დადგენილი არ არის, რაც საშუალებას აძლევს მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს, კონკურსის გამოცხადება და ჩატარება გაურკვეველი დროით გაწელოს“,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.