მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხანგოშვილის მკვლელობა – გერმანიას საქმის გამოძიებაში რუსეთი არ ეხმარება

ხნგოშვილის საქმე

გერმანელი გამომძიებლები დღემდე ელოდებიან რუსეთისგან პასუხებს გაგზავნილ კითხვებზე, რომლებიცბერლინში ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის (თორნიკე ქავთარაშვილი) მკვლელობის საქმეს ეხება.

ბერლინის პროკურატურის მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს გაგზავნილი ორი მიმართვა „რუსეთის მხრიდან შინაარსიანი პასუხის გარეშეა დარჩენილი“, – ნათქვამია გერმანიის იუსტიციის სამინისტროს პასუხში ბუნდესტაგის მემარცხენე პარტიის დეპუტატის სავიმ დაგდელენის კითხვაზე. უწყების პასუხს სამშაბათს, 2 ივნისს სააგენტო DPA ციტირებს.

ჩეჩნეთის მეორე ომის ყოფილი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის პარკში მოკლეს. მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ მასზე ძებნა გამოაცხადა ტერორიზმის ბრალდებით. ხანგოშვილი გერმანიაში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც 2015 წელს საქართველოში მას თავს დაესხნენ. სავარაუდო მკვლელი, რუსეთის მოქალაქე, მკვლელობის დღესვე დააკავეს ბერლინში.

დიპლომატების გაძევება

თავდაპირველად ზემოხსენებულ საქმეს ბერლინის პროკურატურა იძიებდა, თუმცა შემდეგ საქმეში გერმანიის ფედერალური პროკურატურა ჩაერთო. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც დანაშაულში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კვალი იკვეთება.

გერმანიის ხელისუფლებამ არაერთხელ გააკრიტიკა მოსკოვი იმის გამო, რომ სათანადო დახმარებას არ უწევდა საქმის გამოძიებაში იმ ფონზე, როდესაც ბევრი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ მკვლელობა რუსეთის ან ჩეჩნეთის ხელისუფლების დაკვეთით მოხდა. ამის გამო ბერლინმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა, ხოლო რუსეთმა, თავის მხრივ, მოსკოვში გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.