მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მადლობა თითოეულ პოლიციელს, რომელიც დღეს ნიკანორ მელიას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავების სპეცოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის პოლიციელებს მადლობას უხდის.

ჩიხელიძის თქმით, ოპოზიციას მსხვერპლი სურდა, მაგრამ იმედგაცრუებულები დარჩნენ:

„მადლობა თითოეულ პოლიციელს, რომელიც დღეს ნიკანორ მელიას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა. მადლობა მათ რომ სახელმწიფოს სახე შეუნარჩუნეს. დღეს საქართველომ აჩვენა, რომ ის, როგორც სახელმწიფო, შედგა. სახელმწიფო სადაც ამოსავალი წერტილი არის კანონის უზენაესობა! ოპოზიციას მსხვერპლი სურდა, მაგრამ იმედგაცრუებულნი დარჩნენ, რადგან ძალოვანმა უწყებებმა ე.წ. მელიას აყვანის ოპერაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაგეგმეს, რომლის დროსაც ერთის მხრივ, დაცული იყო ადამიანის უფლებები, ხოლო მეორეს მხრივ კანონი“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

ჩიხელიძე, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებებსაც შეეხო:

„ასევე, მინდა შევეხო უცხო ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებებს. ზოგიერთი მათგანი შორს „გაიჭრა“ და გარკვეულ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაც შეურაცხყოფს საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, ქვეყნის მეგობრები ასე არ იქცევიან... რაც შეეხება სხვა განცხადებებს, მაქვს ერთი კითხვა, ცივილურ მსოფლიოს როგორი საქართველო სურს? ძლიერი საქართველო, სადაც კანონის უზენაესობა არის, თუ ე.წ. „ბანანის რესპუბლიკა,“ სადაც გათელილია კანონი და კონსტიტუცია? მე ძლიერ საქართველოს ვირჩევ, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია მიუხედავად სახელისა და წარმომავლობისა. ცივილურ სამყაროში პოლიტიკური კუთვნილება ინდულგენცია არ არის!“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.

ცნობისთვის, 23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ასევე, 21 პირი დააკავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე, იხილეთ:

ვიდეოჩანაწერი - რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე

როგორ ისვრიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები პოლიციის მიმართულებით მყარ საგნებს - ვიდეო