მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი ციხე აღარ იარსებებს

მატროსოვის ციხე

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით, ე.წ. მატროსოვის ციხე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, სწორედ ამიტომ მოხდა პატიმრების გადაყვანა რუსთავის ციხეში.

მისი თქმით, წინა წელს უკვე დაგეგმილი იყო ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც აპრილის ბოლოს დასრულდება. ამასთან მიმდინარე წლის პირველი მაისიდან საქართველოში მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება აღარ იარსებებს.

"რუსთავში, N12-ე, N16-ე პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, რესკონსტრუქცია - რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც თანამედროვე სტანდარტისაა და გაცილებით უკეთესი, N9-ე დაწესებულებასთან შედარებით.

გუშინ, ყველა მსჯავრდებული, ვინც N9-ე დაწესებულებაში იმყოფებოდა, ორ ეტაპად იქნა გადაყვანილი ახალ კორპუსში, და მარტის ბოლოს გამოცემულია იუსტიციის მინისტრის ბრძანება, N9-ე დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც პირველ მაისს უნდა დასრულდეს.

ჩვენ ვფიქრობთ, ეს დაწესებულება შეუერთდება N12-ე დაწესებულებას და საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება.

ჩვენ ვთვლით, რომ ყოფილი საჯარო მოხელე თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირი, რა რანგის მოხელეც არ უნდა იყოს, ისინი იქნებიან ერთიდაიგივე დაწესებულებაში. პირველი მაისიდან პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის ცალკე დაწესებულება აღარ იარსებებს. ყველა საჯარო მოხელე განთავსდება N12-ე დაწესებულებაში , რომლის ნაწილიც ყოფილი მატროსოვის ციხე გახდება პირველი მაისიდან", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.