მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეგი ბაქრაძის ადვოკატი: შესაძლოა, ხდება მოწმეებზე ზეწოლა და მათი ჩვენებების შესაბამისობაში მოყვანა

ახალციხელი ექთნის ადვოკატი

მეგი ბაქრაძის ოჯახის უფლებადამცველი, ნინო ამაღლობელი საგამოძიებო უწყებას პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლასა და გამოძიების პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

როგორც ამაღლობელი აღნიშნავს, ამ დრომდე ადვოკატებს საქმის მასალები სრულად არ გადასცემიათ და მათ აქვთ ეჭვი იმის შესახებ, რომ საგამოძიებო უწყება ახორციელებს ზეწოლას მოწმეებზე, მათი ჩვენებების ერთმანეთთან დაახლოების მიზნით.

„პრაქტიკულად დასაბუთებულად გვაქვს უკვე ეჭვი, რომ პროკურატურა კონკრეტულ მასალებს ამაგრებს საქმეზე, მაგრამ ჩვენთვის გადმოცემული არ არის და იმალება ადვოკატებისთვის კონკრეტული მტკიცებულებები. შესაძლოა, ხდება მოწმეებზე ზეწოლა და მათი ჩვენებების შესაბამისობაში მოყვანა, რისთვისაც საჭიროა გონივრული დრო“ ,- ამბობს ნინო ამაღლობელი.

ადვოკატი ასევე აცხადებს იმასაც, რომ გარდაცვლილი ექთნის ტომოგრაფიაზე დაყრდნობით, მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

მეგი ბაქრაძის ადვოკატები დღეს საგამოძიებო უწყებას შუამდგომლობით მიმართავენ. მათ სურთ გაირკვეს, ჰქონდა თუ არა კლინიკა „იმედს“ საჭირო ინვენტარი ვაქცინაციის შემდეგ, გართულების შემთხვევაში, სათანადო პირველადი დახმარების აღმოსაჩენად.

ნინო ამაღლობელმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადვოკატებს აქვთ კომუნიკაცია 4 პირთან, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას მეგი ბაქრაძის ვაქცინაციამდელ და ვაქცინაციის შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ადვოკატები უახლოეს დღეებში მიმართავენ პროკურატურას, მათი გამოკითხვის მოთხოვნით.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მოკვლევას მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ახალგაზრდა ექთანს სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 19 მარტს გარდაიცვალა.