მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიქელაძე მელაშვილს: სადმე ასეთი გასწორება ხომ არ გახსენდება, რომ აზერბაიჯანს ტერიტორია დაეთმო? (ვიდეო)

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული

პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე გადაღებული ფარულ აუდიო და ვიდეო მასალას ასაჯაროებს. კერძოდ, მასალაში ივერი მელაშვილისა და სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მიქელაძის საუბარია ასახული.

პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე გადაღებული ფარულ აუდიო და ვიდეო მასალას ასაჯაროებს. კერძოდ, მასალაში ივერი მელაშვილისა და სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მიქელაძის საუბარია ასახული.

ამასთან მას ერთვის გრაფიკულად დამუშავებული კარტოგრაფიული მასალა, სადაც ნაჩვენებია საზღვრის რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საზღვრის ხაზის ის მონაკვეთები, რომელზედაც ბრალდებულებმა განზრახ, მიღებული დავალების შესაბამისად, შეათანხმეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ.

ჩანაწერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში, 2020 წლის 28 სექტემბერს, მის დაკავებამდე არის გაკეთებული. მელაშვილისა და მიქელაძის საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამოდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს, კერძოდ მე-17 არხის, დავით გარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს. საუბარში მელაშვილის ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას, დავით გარეჯის მიმდებარედ, ქართულმა მხარემ უარყო საქართველოს თავდაპირველი პოზიცია, რაც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. მან, მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთი შეათანხმა უდაბნოს მთის თხემზე.

ბრალდებული საუბარში ასევე აცხადებს, რომ წინააღმდეგი იყო დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მოცემული მდგომარეობით შეთანხმებაზე, მას არ მიაჩნდა სწორედ აღნიშნული, თუმცა მიუხედავად ამისა, ი.მ. ხელს აწერს შეთანხმების ოქმს, რის შედეგადაც დასახელებული მონაკვეთი საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

საუბრის დროს მიქელაძე მელაშვილის ეკითხება: „რატომ მივეცით ეს ტერიტორია, რა მუღამი იყო?“, რაზეც მელაშვილი პასუხობს: „ისეთი ადგილია, ეს ჩვეულებრივად ტექნიკურია, ეს გასწორდა. ეს აქ რომ ხატია, ეს არ ნიშნავს, რომ ასე არის. ეს არის სწორი ხაზებით“. მიქელაძე ასევე ეკითხება მელაშვილს ახსენდება თუ არა აზერბაიჯანის მიერ მსგავსი ტექნიკური გადაწყვეტის გამოყენებას, რომლის შედეგადაც საქართველო მიიღებდა ტერიტორიებს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რომელიც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე სხვა თანამდებობის პირთა ქმედებების კანონიერებას.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.