მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ რამიშვილი: წარმოგიდგენიათ ადამიანი, თვითმკვლელობამდე წამლებთან ერთად გასახდომ ჩაის ყიდულობდეს?

ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, 18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის გადაადგილების ტრაექტორია აჩენს ეჭვს, რომ პროგრამისტი არა თვითმკვლელობისთვის ხელსაყრელ ადგილს, არამედ კონკრეტულ, წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციას ეძებდა.

„არალოგიკურია და ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ ადამიანი როცა ეძებს ვითომდა თვითმკვლელობისთვის ადგილს, შედის სოფელში და ეძებს არა სოფლიდან გასასვლელს, არამედ კონკრეტულ, შეხვედრის ადგილს. ჩვენ გადავამოწმეთ, რომ პირდაპირ გზა მიდის მხოლოდ ერთ ლოკაციაზე“, - აღნიშნა ადვოკატმა.

მისი თქმით, სოფლის მოსახლეობასთან გასაუბრებისას ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა მიიღეს მინიშნებები, რომ „სწორ გზაზე დგანან“.

უფლებადამცველი ეჭვობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან ნდობით აღჭურვილმა პირმა გაიყვანა.

„როცა ადამიანი მიდის შეხვედრაზე, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ის არასდროს შეხვდება უცხო ადამიანს. შესაბამისად, თამარი სახლიდან გაიყვანა ვინმე ნაცნობმა, რომელიც მისი ნდობით სარგებლობდა. რატომ გამოვრიცხავთ, რომ ის ქალაქგარეთ მცირე დროით აპირებდა გასვლას და ვიღაცამ სთხოვა მისთვის წამლები გაეყოლებინა? როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი თვითმკვლელობისთვის ყიდულობს წამლებს და მათთან ერთად გასახდომ ჩაის. ეს ყველაფერი ლოგიკაში როგორ ჯდება?“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზა ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია გახდა.

თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.