„ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახადაა დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს - ეს ოჯახის პოზიციაა“,- ამის შესახებ დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილს 12 სახის დაზიანება სიცოცხლის პერიოდში მიაყენეს. რაც იმას ადასტურებს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.
მირიან ნიკოლაძის განმარტებით, გიორგი შაქარაშვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც დადგა ლეტალური შედეგი.
„გამორიცხულია, ეს დაზიანებები, რომელიც ექპსერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, მიადგეს ადამიანს თუნდაც იმ ფერდობზე ჩაგორებით, თუნდაც სირბილისას წაქცევის დროს - ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ დაზიანებები დაწყებულია სახის არედან, დამთავრებული ტანის არეში, ხელების მიდამოებში“,- აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.
ცნობისთვის, 19 ივნისს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა ფეხბურთელის დაკარგვის შესახებ შსს-ს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ხულიგნობას, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა.
დღეს, 10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.