მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მირიან ნიკოლაძე: მნიშვნელობა არ აქვს ბრალდებულები ვისგან მიიღებენ სასჯელს

გამოძიების დასკვნა

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სამმა ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

„ოჯახი მიიჩნევს, რომ ვისაც ბრალი ედება, სწორედ ისინი არიან ამ დანაშაულის ჩამდენი და ახლა მნიშვნელობა არ აქვს, მოსამართლისგან მიიღებენ სასჯელს თუ ნაფიცი მსაჯულების ხელში“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით, ბრალდებულებმა ნაფიცი მსაჯულების სასამართლო დროის გაყვანის მიზნით აირჩიეს, რათა ამასობაში წინასწარი პატიმრობის ვადა ამოიწუროს.

ინფორმაციისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებული არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით, მათ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

ბრალდებულების ადვოკატების თქმით, ისინი მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს არ ენდობიან, ამიტომ უმჯობესია ბრალეულობის საკითხი საზოგადოების წევრებისგან შემდგარმა სასამართლომ გადაწყვიტოს.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 21 ივლისს არაგვში მაშველებმა იპოვეს.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა.

ფეხბურთელის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალი სულ 5 პირს ედება, რომელთაგან 2 არასრულწლოვანია.