„ის კვალიფიკაცია, რაც გამოძიებამ შემოგვთავაზა, კარგია, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას გიორგის განზრახ მკვლელობის გამო და გვაინეტრესებს პასუხი კითხვაზე, თუ როდის დადგინდებიან მკვლელობაში დამნაშავე პირები და მიიღებენ სასჯელს“,- ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოჯახს აღნიშნული მოთხოვნა აქვს იმ 6 პირთან დაკავშირებით, რომლებიც შაქარაშვილსა და მის მეგობრებს დაედევნენ.
„ჩვენ 6 პირთან დაკავშირებით გვაქვს მოთხოვნა, თუმცა, თუ გამოძიება სხვა პირებსაც დაადგენს, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხსაც დაუყოვნებლივ დავაყენებთ“,- აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.
როგორც მან აღნიშნა, კონკრეტულ პირებს ბრალი არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში უნდა წარედგინოთ.
პროკურატურის განცხადებით, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარიმართება. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.
ცნობისთვის, 19 ივნისს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა ფეხბურთელის დაკარგვის შესახებ შსს-ს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ხულიგნობას, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა.
დღეს, 10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.