მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ბასილაშვილის მამის კომენტარი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს.

გავრცელებულ  ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ძალადობის გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება და ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. 

ოჯახის განცხადებით, სპორტსმენის ყოფილი მეუღლე ჩოგბურთელისა და მისი ოჯახის რეპუტაციის შელახვას ადრეც ცდილობდა.

გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა.

პირველ რიგში, გვინდა გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით ისმის.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია, გარდა ბავშის მეურვეობისა.

ნელი დოროყაშვილი განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამართლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა.

რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს.

სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს," - ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის გამო 21 მაისს დააკავეს, ის დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაოს სნაცვლოდ გაათავისუფლეს. მომდევნო სხდომა 16 ივნისსაა ჩანიშნული.