მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოჯახს აქვს გარკვეული კითხვები, თუ რამ გამოიწვია მეგის გარდაცვალება“ - გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი

მეგი ბაქრაძის ადვოკატი

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა განაცხადა, რომ მათ აქვთ კითხვები რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს.

„დღეს გადმოგვეცა თბილისის საგამოძიებო უწყებაში მოგროვებული მასალები. ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ამოღებული სამედიცინო ისტორია და შესაბამისი დოკუმენტაცია.

იმისათვის, რომ სრული სურათი გვქონდეს, გვჭირდება ახალციხის კლინიკიდან ამოღებული სამედიცინო ისტორია, რომელიც ამ წუთისთვის ჯერჯერობით არ გვაქვს. სავარაუდოდ ეს მასალა ხვალ გვექნება. ამ სამედიცინო ისტორიებს დარგის ექსპერტები შეისწავლიან. რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, ამას გარკვეული დრო სჭირდება. შეიძლება იყოს საუბარი რამდენიმე კვირაზეც. თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ ექსპერტიზის ბიურო ბევრად უფრო ოპერატიულად შეისწავლის საქმეს და დადებს დასკვნას.

ოჯახს აქვს გარკვეული შეკითხვები, კერძოდ, საერთოდ უნდა აცრილიყო თუ არა მეგი. ხომ არ იყო აცრის გაკეთების გამომრიცხავი გარემოებები. აცრის შემდეგ რამდენად სწორად მოხდა უკუეფექტების მართვა და რამდენად დროული იყო ეს მართვა. ყველაფერმა ერთად კომპლექსურად ხომ არ გამოიწვია მეგის გარდაცვალება და ასეთი ფატალური შედეგი“, - განაცხადა ოჯახის ადვოკატმა.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდა მედდას, სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.