მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის სამი პირი დააკავეს

ვახო სანაია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.