მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიციელი ბაჭულაშვილი: ბაჩალიაშვილის მამისთვის არ მითქვამს რომ მისი შვილი „შარშია“

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გენინსპექციაში დაიბარეს.

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი ამბობს, რომ მას არ უთქვამს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამისთვის, რომ მისი შვილი „შარშია“. ამის შესახებ ბაჭულაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პოლიციელი ამბობს, რომ მას გარდაცვლილის კომპიუტერთან შეხება არ ჰქონია და ის გამომძიებელმა ექსპერტიზაზე წაიღო.

„დაბარებული ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოჯახის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოსდა ვთქვი, რაღაც, რაც არ მითქვამს ნამდვილად. კომპიუტერთან არანაირი შეხება არ მქონია, გამომდინარე იქიდან, რომ ის ამოიღო გამომძიებელმა და პირდაპირ წაიღო ექსპერტიზაზე. ყოველდღიური კომუნიკაცია მქონდა ოჯახთან, „ის, რომ შარშია“ ასეთი რამე ჩემგან არ თქმულა“, - აღნიშნა ლადო ბაჭულაშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ბაჩალიაშვილი 25 ივლისს დაკრძალეს.