მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურა მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს

პროკურატურის შენობა

დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

პროკურორის თქმით, ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ საქმეზე მას საქმეზე სასამართლოსგან თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც ნიკა მელიას უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი.

2020 წლის 1-ელ ნოემბერს, ნიკა მელიას მიერ, სიტყვით გამოსვლისას, ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად შეაფასა და ნიკა მელიას გირაოს ოდენობა 70 000 ლარამდე გაუზარდა, ხოლო გადახდის ბოლო ვადად 2020 წლის 23 დეკემბერი განისაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს ნიკა მელიამ გირაოს თანხის გადახდაზე უარი საჯაროდ განაცხადა.

12 თებერვალს პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს შუამდგომლობაზე თანხმობისთვის მიმართა.

16 თებერვალს პარლამენტი დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას და ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

17 თებერვალს, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმა და 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

18 თებერვალს სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიასთვის სასამართლო განჩინების ჩასაბარებლად მივიდნენ, თუმცა პარტიის მხარდამჭერებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზად ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების თარიღისა და ფორმის შესახებ გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადადო.

23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.