მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურამ ყაზბეგში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საკადრო ცვლილებები

საქართველოს პროკურატურამ ყაზბეგში, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.გ.-ს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 14 სექტემბერს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალის“ მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ა.მ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.გ.-ს, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა. გარდაცვლილის შვილმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.გ.-მ შურისძიების მოტივით, მოკლა ა.მ.

„სამართალდამცველებმა ვ.გ. 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ვ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.