მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე: ბრალდებულების არგუმენტები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

პროკურორი ამირან გულუაშვილი

დიდი ხნის განმავლობაში ვისმენთ განცხადებებს „რუსულ სცენართან“ დაკავშირებით. ხდება კონკრეტული რუკის დისკრედიტაცია მისი მოპოვების ადგილიდან გამომდინარე, სახეზეა კარტოგრაფიული მასალის დემონიზაციის მცდელობა მხოლოდ იმის გამო, რომ ის მოპოვებულია რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა საქმის მასალებში ასევე მოიპოვება ამერიკული და გერმანული რუკები და ამ ადამიანებს შეუძლიათ, ამერიკულ ან გერმანულ სცენარზეც ისაუბრონ. ფაქტია, უამრავი კარტოგრაფიული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა „იმედის“ ეთერში აღნიშნა.

„ეს არის ბუნებრივი პროცესი, იკითხებიან ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც მაშინ სამსახურებრივად დაკავშირებული იყვნენ ამ კომისიის საქმიანობასთან. პრაქტიკულად ყველა მათგანი ამბობს, რომ კომისიის საქმიანობაში არ ერეოდა, ვინაიდან არ არის კარტოგრაფიის სპეციალისტი. ამასთანავე, ისინი აცხადებენ, რომ კომისიის მხრიდან საკონტაქტო პირი ყოველთვის იყო ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც, მათი თქმით, მაღალი კომპეტენციის მქონე პროფესიონალია.

ერთია, რამდენად იზიარებს მხარე ამ მოცემულობას, რომ ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის მოწესრიგებაში არ იყვნენ ჩართული მაღალი თანამდებობის პირები, მაგრამ, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ეს პირებიც მიუთითებენ ბრალდებულებზე, როგორც კარტოგრაფიულ დოკუმენტაციასთან მომუშავე მთავარ ადამიანებზე. გამოძიება განიხილავს ვერსიებს ამა თუ იმ მაღალჩინოსნის შესაძლო ჩართულობის შესახებ, მაგრამ, გარკვეული ინფორმაცია ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებას არ უნდა გასცდეს.

მთავარია ის, რომ ბრალდებულების არგუმენტები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და რომ გამოძიებამ მოიპოვა მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც წარმოდგენილია საქმეში. დიდი ხნის განმავლობაში ვისმენთ განცხადებებს „რუსულ სცენართან“ დაკავშირებით. ხდება კონკრეტული რუკის დისკრედიტაცია მისი მოპოვების ადგილიდან გამომდინარე, სახეზეა კარტოგრაფიული მასალის დემონიზაციის მცდელობა მხოლოდ იმის გამო, რომ ის მოპოვებულია რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა საქმის მასალებში ასევე მოიპოვება ამერიკული და გერმანული რუკები და ამ ადამიანებს შეუძლიათ ამერიკულ ან გერმანულ სცენარზეც ისაუბრონ. ფაქტია, უამრავი კარტოგრაფიული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია“, - განმარტა გულუაშვილმა.

🔴 ინფორმაციისთვის, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის „საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

🔴 პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

🔴 პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

🔴 ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

🔴 დაკავებულები ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.