მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულთა უფლებადამცველებზე: დოკუმენტი, რომლის მისაღებადაც აქცია-პერფორმანსები მართეს, რეალურად, მათ უკვე სამუშაო მაგიდაზე ჰქონდათ

პროკურორი ამირან გულუაშვილი

„დოკუმენტი, რომლის მისაღებადაც აქცია-პერფორმანსები მართეს, რეალურად, მათ უკვე სამუშაო მაგიდაზე ჰქონდათ“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა „იმედის“ ეთერში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხაზგასასმელია დაცვის მხარის სტრატეგია და ზოგადად, საქმიანობა ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რაც, ბოლო პერიოდში, ე.წ. „პერფორმანსითაც“ გამოიხატა, როდესაც ადვოკატები დაჟინებით მოითხოვდნენ კონკრეტული უწყებიდან დოკუმენტს, რომელიც მათ ბრალდების მხარემ, გარკვეული პერიოდით ადრე, ისედაც გადასცა და ეს დოკუმენტი, რეალურად, მათ სამუშაო მაგიდაზე და კომპიუტერში უკვე იყო განთავსებული:

„აქ, ბუნებრივია, იბადება მოვლენათა შესაძლო ახსნის ორი ალტერნატივა: პირველი, რომ დაცვის მხარე დიდ დროს არ ხარჯავს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობაზე, სხვა შემთხვევაში, ისინი მარტივად აღმოაჩენდნენ, რომ დოკუმენტი, რომლის მისაღებადაც აქცია-პერფორმანსები მართეს, რეალურად, მათ უკვე მიღებული ჰქონდათ და ის უკვე მათ სამუშაო მაგიდაზე იყო და მეორე ვარიანტი: რეალურად, დაცვის მხარის მიზანია, ძირითად საკითხებიდან ყურადღების სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე გადატანა“ - განაცხადა პროკურორმა.

🔴 ცნობისთვის, დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე იმ 214 ადამიანის ხელმოწერა შეაგროვეს, რომლებიც ბრალდებულებს თავდებად დაუდგნენ, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები, რომლებმაც სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში აქცია გამართეს.

🔴 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

🔴 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

🔴 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

🔴 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.