მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურორი: ერთადერთი პიროვნება, ვინც ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, ფურცხვანიძეა

პროკურორი დავით გუმბერიძე

„ერთადერთი პიროვნება, ვინც ფიქსირდება ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლად, გახლავთ დავით ფურცხვანიძე, ეს შეეხება როგორც მის ჩვენებას, რაც სასამართლოში გააკეთა, ასევე იმ მტკიცებულებებს, რაც გადასცა დამცველ ადვოკატებს და შემდგომ წარმოგვიდგინეს გამოძიებაში“, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თეონა თამაზაშვილმა ყარაბაღში იარაღით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით განცხადება დავით ფურცხვანიძის კვლევაზე დაყრდნობით გააკეთა.

„როდესაც ჩვენ თეონა თამაზაშვილი დავკითხეთ მოსამართლის წინაშე, განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდა ინტერნეტ სივრციდან, ასევე ამობეჭდილი სახით ჰქონდა წარმოდგენილი დაკითხვის დროს და ჩვენ წარმოგვიდგინა დავით ფურცხვანიძის კვლევა“, - აღნიშნა დავით გუმბერიძემ.

დავით ფურცხვანიძის თქმით, მან აღნიშნული კვლევა სოციალური ქსელით გაავრცელა და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატებისთვის არ გაუგზავნია.

ინფორმაციისთვის, მტკიცებულებების გაყალბებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები ეკა ქობესაშვილი და მიხეილ რამიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხნენ.

საქმე ეხება ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ სატელიტურ ფოტოებს, რომლის მიხედვითაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მისი პოვნის ადგილზე 5 დღის განმავლობაში არ იდგა.

პროკურატურის განცხადებით, მიხეილ რამიშვილის მიერ წარდგენილი ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი არ ეთანხმება.