მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურორი თამარ ბაჩალიაშვილის დედის ბრალდებას პასუხობს

ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის ბრალდებას საქმის პროკურორი მარიამ გოგორელიანი გამოეხმაურა.

პროკურორი თამაზაშვილის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მან ყველა ის შეკითხვა დასვა, რომელიც ლოგიკურად უნდა დასმულიყო.

„ქალბატონი თეონას ბრალდებები, რომ თითქოს მის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ვახორციელებდი, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. რა თქმა უნდა, იმ ფურცელთან დაკავშირებით ლოგიკურად დაისვა კითხვები, რომ საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო ის ფურცელი ჟურნალისტთან და ვკითხე, თქვენ ხომ არ გადაეცით მეთქი. ეს არის ლოგიკური შეკითხვა, რომელიც უნდა დასმულიყო“, - განუცხადა „ფორმულას“ გოგორელიანმა.

ცნობისთვის, 13 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

თამაზაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც გამოეხმაურა. რამიშვილი აცხადებს, რომ თამაზაშვილის მიმართ ბულინგი განხორციელდა. რამიშვილის ინფორმაციით, თამაზაშვილს პროკურორმა ისეთი კითხვები დაუსვა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.

თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.