მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა პოზიცია აქვს პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე

ბრიფინგი პროკურატურაში

პროკურორი ამირან გულუაშვილის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ჩანთა საქმეში მნიშვნელობას იძენს დაცვის მხარის პოზიციიდან გამომდინარე. ბრალდების მხარე კი, ჩანთას, როგორც საქმისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მტკიცებულებას არასდროს განიხილავდა.

პროკურორი აქვე დასძენს, რომ დაცვის მხარე ყოველთვის ცდილობს, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გააბათილოს ბრალდების მხარის ვერსია.

„ჩანთაზე გარკვეული დნმ ნიმუშების იდენტიფიცირება მოხდა, გარკვეული მათგანის ვინაობა ჩვენთვის ცნობილია, არის ორი ნიმუში, რომელთა გარკვევაც ხდება გამოძიების მიერ.

ზოგადად ჩანთა და მისი როლი ამ სისხლის სამართლის საქმეში ძირითადად დაცვის მხარის სტრატეგიის შესაბამისად არის წარმოდგენილი.

მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. მიუხედავად ამისა დღევანდელ დღემდე, საზოგადოებისათვის, ისევე როგორც ბრალდების მხარისათვის, უცნობია დაცვის მხარის კონკრეტული პოზიცია მომხდართან დაკავშირებით, თუ არ ჩავთვლით იმ ე.წ. ვერსიას, რომელიც გულისხმობს, რომ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირი მკვლელობის განხორციელებას ბუნებრივია არ გეგმავდა და მათი მიზანი იყო პირთა შერიგება. სწორედ შერიგების მიზნით ისინი სწრაფი ნაბიჯებით გადაადგილდებოდნენ მაგისტრალზე გიორგი შაქარაშვილისა და მასთან ერთად მყოფი პირების მიმართულებით. თუმცა ამ ვერსიის არალოგიკურობა და ფაქტობრივად უსაფუძვლოობა დადასტურებულია არა მხოლოდ სისხლის სამართლის სამეში, მარტივი ლოგიკაც კი, დამდგარი შედეგის და იმ დაზიანებების გათვალისწინებით, რაც გიორგი შაქარაშვილს აღენიშნებოდა, გამორიცხავს ამგვარი ვერსიის თეორიულ შესაძლებლობასაც კი. შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარეს არ აქვს რაიმე არგუმენტირებული პასუხი ბრალდების მხარის პოზიციაზე და მტკიცებულებებზე, დაცვის მხარე ცდილობს საზოგადოების და ალბათ შემდეგში შეეცდება სასამართლოს შეცდომაში შეყვანას საქმისასთვის სხვადასხვა ნაკლებად მნიშვნელოვან გარემოებებზე ყურადღების მიპყრობას.

ჩანთაზე, რომელზეც დაცვის მხარე აქტიურად საუბრობს, შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეში მნიშვნელობას იძენს სწორედ დაცვის მხარის პოზიციიდან გამომდინარე. ბრალდების მხარე არასდროს განიხილავდა ჩანთას, როგორც საქმისათვის ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მტკიცებულებას“,- აცხადებს პროკურორი.

მისი თქმით, კონკრეტულ ჩანთასთან დაკავშირებით ჩატარდება საექსპერტო კვლევები, რაც შესაძლებელს გახდის დადგინდეს, ვის ჰქონდა შემხებლობა ამ ჩანთასთან.

„ბუნებრივია ჩანთაზე დნმ-ის აღმოჩენა ვერ იქნებოდა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების უტყუარი მტკიცებულება.

ჩატარებული საექსპერტო კვლევებით ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ დღეს გამორიციხა ამ ეტაპზე იმ ორ გაურკვეველ დნმ ნიმუშთან მიმართებით ბრალდებულთა კავშირი, ისევე როგორც გამორიცხულია მერსედესის ავტომანქანაში მყოფი პირების კავშირი ამ ორ დნმ-თან.

ქართული სასამართლოს პრაქტიკაში ცნობილია არაერთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ ნივთზე ზემოქმედების მიუხედავად დნმ კვალი არ აღმჩნდა.

დნმ-ის არ არსებობა არ ნიშნავს, რომ პირს არ ჰქონდა შემხებლობა კონკრეტულ საგანთან, ეს არის ძალიან სპეციფიური საკითხი. შესაძლებელია ადამიანს ნივთთან შემხებლობა ჰქონდეს, მაგრამ დნმ არ დარჩეს“,- აღნიშნა პროკურორმა.

ინფორმაციისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის გამო ოჯახმა პოლიციას მიმდინარე წლის 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ჯამში პირია დაკავებული.

მათგან 5 პირს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით ედებათ, ხოლო 12 პირს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.