მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამიშვილი: ბაჩალიაშვილის კომპიუტერის სკანირებას რამდენიმე დღე დასჭირდება

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის სკანირების პროცესს რამდენიმე დღე დასჭირდება, შესაბამისად, ამ მიმართულებით სიახლეს ჯერ არ უნდა ველოდოთ. ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.

„ჯერ ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვნახავთ, რადგან სკანირების ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც რამდენიმე დღე დასჭირდება“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, საქმის ცენტრალური კრიმინალური პოლიციისთვის გადაცემის შემდეგ, ოჯახი მოლოდინის რეჟიმშია და ამ დროისთვის ნდობის საკითხზე საუბარი ნაადრევია.

„სიახლე ისაა, რომ საქმე კრიმინალურ პოლიციას გადაეცა. ჯერჯერობით ველოდებით, რა საგამოძიებო მოქმედებები დაინიშნება და რა განცხადებები გაკეთდება მათი მხრიდან“, - განაცხადა უფლებადამცველმა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე შს მინისტრის ბრძანებით, გამოსაძიებლად ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტიდან ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას გადაეცა, რაც გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნა იყო.

თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, რის შემდეგადაც ოჯახმა პოლიციას მიმართა. სამძებრო სამუშაოები 4 დღეს გაგრძელდა. საბოლოოდ, 23 წლის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის ცხედარი ადგილობრივი მწყემსის არასრულწლოვანმა შვილმა ნახა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

ჯერჯერობით უცნობია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პასუხი კითხვაზე, რა გახდა თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის უშუალო მიზეზი.