მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამიშვილი: დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ თავისუფლებასაც ჩამომართმევენ

უფლებადამცველი

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.

„არ ვიცი რატომ ჩამომართვეს, რაღაც უნდა გადაამოწმონ. მე ვამბობ, რომ დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ თავისუფლებასაც ჩამომართმევენ.

ძალიან არ უნდათ, რომ მე ამ საქმეში ვიყო, რადგან უფრო და უფრო ვაწვდი ინფორმაციებს, რომ ამ საქმეში არანაირი თვითმკვლელობა არ არსებობს. ეს გოგო არის მოკლული. მოკლა იმ სისტემამ, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სიცოცხლეს და უსაფრთხოებას, ესენი არიან მკვლელები. აქ არის ძალიან დიდი საშიშროება, ყველა ჩვენთაგანის“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა ისეთი ინფორმაცია მის ტელეფონში, რამაც შესაძლოა მისი დაკავება გამოიწვიოს, მიხეილ რამიშვილი პასუხობს:

„ოფიციალურად ვერაფერს იპოვიან და არაოფიციალურად ყველაფერს შექმნიან, ყველაფერს გააკეთებენ. მე მაგის არ მეშინია, არაფრის არ მეშინია. მაგათ ეშინოდეთ თავიანთი მომავლის“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში ოჯახის უფლებადამცველის მიხეილ რამიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ,თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია გახდა.

საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნულ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმება.