მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამიშვილი: მოვითხოვეთ დადგინდეს, როდის დაიქოქა ბოლოს თამარის ავტომობილი

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დაადასტურა, რომ გამოძიებაში FBI-ის ჩართვის მოთხოვნა სახელმწიფოს უკვე გაგზავნილი აქვს.

„პროკურორმა, წარმოგვიდგინა მოსამართლის განჩინებების შესაბამისი დოკუმენტები, რომ უკვე გადაგზავნილია მოთხოვნები და იქნება ჩართულობა, თუმცა ეს გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული და ჩამოვლენ ის ადამიანები, რომლებიც გამოიკვლევენ კომპიუტერისა და სხვა მასალებს. ეს იქნება სიმშვვიდის საფუძველი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავწყნარდეთ“, - აღნიშნა ადვოკატმა ჟურნალისტებთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ოჯახს ასევე აქვს მოთხოვნა, დადგინდეს, როდის დაიქოქა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი.

„მოვითხოვეთ, დაჩქარებული წესით მოძიებული იქნეს ისეთი აპარატი, რომელიც გამოიკვლევს, როდის მოხდა უკანასკნელად ავტომობილის დაქოქვა და გადაადგილება, ამავდროულად გავარკვევთ, სად გაიგზავნება და შემოწმდება ლეპტოპი, რომლის ექსპერტიზის მიმართ ჩვენ გვაქვს კითხვები“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა. მათ საქმეში FBI-ის ჩართულობა 4 აგვისტოს აშშ-ის საელჩოსთან გამართულ აქციაზე მოითხოვეს.

5 აგვისტოს შსს-მ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში აღმოჩენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, თამარი გარდაცვალებამდე 1 თვით ადრე, საძიებო ველში სუიციდისთვის მარტივ გზებს, ხოლო გაუჩინარების წინა დღეს „ფეისბუქის“ პირადი გვერდის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ეძებდა.

ოჯახის ადვოკატის განცხადებით, გამოძიება მხოლოდ ერთ, თვითმკვლელობის ვერსიას ამუშავებს, რაც ოჯახისთვის მიუღებელია.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და დაიკარგა. 4-დღიანი ძიების შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია სამსახაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პასუხი კითხვაზე, რა გახდა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი.