მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამიშვილი: ნათელია, ბაჩალიაშვილის საქმის ჩაფარცხვას ცდილობენ

უფლებადამცველი

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმის არა გამოძიებას, არამედ ჩაფარცხვას ცდილობენ.

„ხელს აფარებენ იმ დამნაშავეთა ჯგუფს, რომელიც ამ საქმეშია ჩართული. თამარ ბაჩალიაშვილი არის მოკლული“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, დავით ფურცხვანიძე აშშ-ში აპირებდა გამგზავრებას და იქიდან დამატებითი ინფორმაციის ჩამოტანას.

„დავით ფურცხვანიძე აპირებდა სატელიტის დამატებითი სურათის ჩამოტანას, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ 18-დან 22 რიცხვამდე ავტომობილი იქ არ იდგა. ამაზე პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებდა. ის აპირებდა ბევრი დამატებითი ინფორმაციის და ექსპერტიზის დასკვნის ჩამოტანას.

წყარო რატომ უნდა დააკავო? მან დაასახელა საიდან ჰქონდა ის სურათები, ითხოვდა დეტალურად გამოქვეყნებულიყო მაგისტრი მოსამართლის წინაშე ის დაკითხვის ოქმი, სადაც მან ყველაფერი თქვა“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ინფორმაციისთვის, დავით ფურცხვანიძე დააკავეს. PIA.GE-ს ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურაში არ დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ 14:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული. პროკურატურაში არც ბრიფინგის თემას ასაჯაროებენ.

დავით ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტის ფოტოები გადასცა. ფოტოებზე ასახულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იმ ტყეში, სადაც ცხედარი იპოვეს, 5 დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი არ ეთანხმება.

შეგახსენებთ, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.