მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამიშვილი: პროკურატურისგან სოციალურ ქსელთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ

უფლებადამცველი

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე დაზარალებულ მხარეს სოციალური ქსელის შესახებ საზღვარგარეთიდან გამოთხოვილი ინფორმაცია გადაეცა.

„საკმაოდ სერიოზული საუბარი გვქონდა. მთავარ პროკურორთან და მის მოადგილეებთან დეტალურად გავიარეთ ყველა თემა. მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაციები. გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაციები, რაც ეხება საზღვარგარეთიდან სოციალურ ქსელთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, რომელიც ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს. ამავდროულად, ის პროკურორი, რომლის ქცევაც იყო არაეთიკური დაზარალებული მხარის მიმართ, საქმეს ჩამოშორდა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის მობილურისა და კომპიუტერის ექსპერტიზისთვის უცხოელი ექსპერტები იქნებიან მოწვეული.

„ექსპერტიზებისთვის უახლოეს პერიოდში მოწვეული იქნებიან უცხოელი ექსპერტები, ასევე მოწოდებული იქნება მოწყობილობა, რომელიც ავტომობილთან დაკავშირებულ კითხვებს გასცემს პასუხს“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, ოჯახი პროკურატურასთან შეხვედრებს პერიოდულად გააგრძელებს.

„გაგრძელდება მთავარ პროკურორთან შეხვედრები. ყველაფერი ისეთი ტემპით მიდის, როგორც ჩვენ გვაწყობს. ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს ისე, რომ საქმეზე ობიექტურობა დადგინდეს, თუმცა ოჯახის ნდობა შედეგზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ადვოკატმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წვერები და დაზარალებული მხარის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრაზე დაახლოებით 2 საათი იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ ბაჩალიაშვილი, გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

ჯერჯერობით უცნობია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პასუხი კითხვაზე - რა გახდა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი.