მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში

სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 491 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2 აპრილის 21 საათიდან 3 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 189 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 19 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.