მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქალაქო სასამართლოში ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის თავდებობის მსურველთა ხელმოწერები წარადგინეს

დავით გარეჯის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა დაკავებულებისთვის თავდებობის მსურველთა 214 პირის ხელმოწერა წარადგინეს. მათი თქმით, ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში უკანონოდ იმყოფებიან და ამისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

პირები, რომლებიც ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს თავდებში უდგებიან, სასამართლოს ეზოში რჩებიან და ისინი მზად არიან ეს მოსამართლის წინაშე დაადასტურონ. ისინი იმედოვნებენ, რომ დაკავებულები საპატიმროს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვებენ. თავდებობის მსურველთა შორის არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირები.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

👉ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

⭕ საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

⭕ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფებიან.