მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა

პროკურატურის ლოგო

საქართველოს პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ შეღავათის დაწესება, ასევე, შეამცირებს ადვოკატების დამატებით ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებებში.

„საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს. ბრალდებულებისთვის, სატელეფონო საუბრის დაშვების გადაწყვეტილება განპირობებულია, ოჯახების მხრიდან გაზრდილი ინტერესით მათი მდგომარეობის თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დისტანციურად ოჯახების მეტად ინფორმირებას. აღნიშნული შეღავათის დაწესება, ასევე, შეამცირებს მათი ადვოკატების დამატებით ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.