მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საკმაოდ კომპლექსურ დანაშაულებრივ ქმედებასთან გვაქვს საქმე - პროკურორი დავით-გარეჯის საქმეზე

საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი

„მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ დანაშაულებრივი ქმედება არ არის სპონტანურად განხორციელებული ერთჯერადი აქტი“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

დავით-გარეჯის საქმის პროკურორის თქმით, გამოძიების მიმდინარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა საქმის განხილვა გაგრძელდეს:

„წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებები და ბუნებრივია, პირებს, რომლებიც ამ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებაში იყვნენ ჩართულები, საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ მათ შორის თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებების აშკარა კვალი გაენადგურებინათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ კომპლექსურ დანაშაულებრივ ქმედებასთან გვაქვს საქმე, რომელიც მოითხოვს ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მოქმედებების თანმიმდევრობას და იმას თუ რა ინფორმაცია გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. მოგეხსენებათ, გამოძიების ინტერესი გულისხმობს, რომ გარკვეული ინფორმაცია შეიძლება დროის გარკვეულ მონაკვეთში არ გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი და პირიქით, არსებობდეს ინტერესი მათი საიდუმლოდ შენახვისა “, - განაცხადა გულუაშვილმა.

⭕ ინფორმაციისთვის, 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

⭕ 2020 წლის 7 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

⭕ საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

⭕ 11 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატიმრო ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

⭕ დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე იმ 214 ადამიანის ხელმოწერა შეაგროვეს, რომლებიც ბრალდებულებს თავდებად დაუდგნენ, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები, რომლებმაც სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში აქცია გამართეს.