მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის ბიძა: დამნაშავეების უმკაცრეს დასჯას მოვითხოვთ!

შაქარაშვილის ბიძა

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მართებულად არიან მიცემული. საუბარია „ტოიორა ქემრის“ 5 მგზავრზე.

„საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ გიორგის განზრახ მკვლელობა 5-მა პირმა ჩაიდინა. არსებული მტკიცებულებებით, ვფიქრობთ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე ვფიქრობთ, რომ სასამართლოში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი სამართლებრივი პრობლემა“,- აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით, დადგინდა, რომ მკვლელობის დროს „ტოიოტა ქემრის“ 5 მგზავრის გარდა, ადგილზე სხვა არავინ იმყოფებოდა.

გარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, რომელიც აღნიშნული პირებისთვის ბრალის წარდგენის ერთ-ერთი საფუძველი გახდა, ჩვენს მიერაც განხორციელდა არაერთი მოქმედება. საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ სხვა მანქანები, სხვა პირები, გარეშე ადამიანები, გარდა „ტოიოტას“ მგზავრებისა, შემთხვევის ადგილას ფიზიკურად არ იყვნენ. სხვა ვერავინ განახორციელებდა ამ დანაშაულს“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ადვოკატის განცხადებით, დაზარალებული ოჯახი მოითხოვს, დამნაშავეების უმკაცრეს დასჯას.

„ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს, არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ, სასჯელის მოხდის პერიოდში, რათა არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, ვგულისხმობ პირობით ვადამდე გათავისუფლებას, შეწყალებას და ა.შ.“,- აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

დღეს, 11 აგვისტოს შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5-ს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა.

ამასთან, პროკურატურაში განაცხადეს, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავმდამსხმელებმა მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპოვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.