მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არჩილ გაგნიძეს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

პროკურატურის შენობა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არჩილ გაგნიძეს დაქირავებული ადვოკატების ნაცვლად უკვე სახაზინო ადვოკატი დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს პროკურატურაში დაუდასტურეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულის დაცვის უფლება ადვოკატებს საქმის მასალების ჩაუბარებლობის გამო შეეზღუდათ.

„დაკავებული ა.გ.-ს ადვოკატებმა უარი განაცხადეს საქმის მასალების ჩაბარებასა და გაუთქმელობის შესახებ პირობის ხელმოწერაზე, რის გამოც დადგა აუცილებლობა, რომ ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დანიშვნოდა. სახაზინო ადვოკატსა და ბრალდებულ ა.გ.-ს გადაეცათ საქმის მტკიცებულებები. ბრალდებული ზ.ხ.-ს ადვოკატმა ჩაიბარა საქმის მასალები, ამიტომ მის შემთხვევაში საქმისგან ჩამოშორების წინაპირობა არ დამდგარა“, - განმარტეს პროკურატურაში.

ადვოკატების საქმისგან შესაძლო ჩამოშორების შესახებ არჩილ გაგნიძის აწ უკვე ყოფილმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ 12 აგვისტოს, მას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურატურამ უფლებადამცველები საქმის მასალაებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა.

საქმის მტკიცებულებები ჩაიბარა, თუმცა გაუთქმელობის პირობაზე ხელი არ მოაწერა არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა, რის გამოც პროკურატურისგან მას სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.