მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 14-ს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში ედება ბრალი

ახალგაზრდის დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში ბრალი ჯამში 14 პირს ედება.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს დაკავებულია 4 პირი: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

რაც შეეხება სხვა პირებს:

სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რომლებიც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს, დაკავებულია 3 პირი: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე,

ასევე, სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც ჯგუფის მიერ, წინასწარ შეთანხმებით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, დაკავებულია 1 პირი - ვ.ჩ; ამ უკანასკნელი მუხლის ნაწილში, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) დაკავებულია 4 პირი: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.; დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე.

143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებულია 5 პირი: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვლაბეის საქმეზე 17 პირი პოლიციამ დღეს დილით დააკავა. როგორც ვალდიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, შესაძლოა დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს.