მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება

მცხეთის სასამართლოს შენობა

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის სასამართლო პროცესი გრძელდება.

დღეს, 20 ოქტომბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში იგეგმება ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა, კონკრეტულად ვინ მისცემს ჩვენებას ადვოკატებისთვის უცნობია.

5 ბრალდებული სრულწლოვანიდან ბრალს არცერთი არ აღიარებს. მათი ადვოკატები კი ამბობენ, რომ დაკავებულთა დანაშაულის დადასტურება ამ დრომდე ბრალდების ვერცერთმა მოწმემ ვერ შეძლო.

როგორც ბრალდებული არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, საქმე განიხილება მკვლელობის ეპიზოდზე.

„არჩილ გაგნიძის პოზიცია უცვლელია, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. არაფრით არ დასტურდება ის, რომ მას რაიმე შემხებლობა აქვს ამ დანაშაულთან“, - აღნიშნა გაგნიძის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპო­ვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებული არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით, მათ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.