მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შერჩევით სამართალს ვერ მოგიწონებთ - ვეფხვია გულედანი ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ელჩების განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმდჯომარე ვეფხვია გულედანი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასთან დაკავშირებით ელჩების მიერ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.

გულედანის თქმით, ნიკა მელიას შეეძლო დარჩენილიყო პოლიტიკოსად, მაგრამ მან თავად აირჩია ის გზა, რაც კანონგარეშეა:

„გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას და ვშიშობთ, ღრმად პატივცემულ ელჩებს და სტრატეგიული მეგობრობის მქონე სახელმწიფოებს ავიწყდებათ, რომ დღეს არსებობს ინტერნეტი, მას საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აქტიურად მოიხმარს, ასევე, ჩვენი მედია პლურალიზმის დამსახურებაა, რომ მსოფლიოში რა აქცია იმართება, რა დარბევა და რა თავდასხმა სახელმწიფოზე, პირდაპირ ეთერში მივადევნოთ თითოეულ მათგანს თვალი, მათ შორის თუნდაც კაპიტოლიუმზე შტურმი, პრეზიდენტი ტრამპის იმპიჩმენტი და ა.შ. შესაბამისად ჩვენი მოსახლეობა თქვენს შეშფოთება-აღშფოთებას ვერ მიიღებს უპირველეს წინამძღვრად სიტუაციის გაანალიზებაში, ვინაიდან ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში თქვენ იმოქმედეთ გაცილებით მკაცრად, რასაც სისხლისღვრა მოყვა და იგი მიიჩნიეთ სახელმწიფოს სწორ გამოხატულებად კანონის დაცვის თვალსაზრისით.

ბატონებო, შერჩევით სამართალს ვერ მოგიწონებთ. ქართველები საკმაოდ სამართლიანი ხალხი ვართ და თქვენთან რაც თეთრია, ჩვენთან შავად ვერ გაასაღებთ... სახელმწიფო დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე, ეს თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსნებათ. სწორედ ამ კანონის უზენაესობამ და მისმა აბუჩად აგდებამ მოითხოვა ის რეაგირება, რაც ვიხილეთ. ეს იყო „აყვანის სპეც.ოპერაცია“ აყვანის და არა დარბევის, როგორც ბატონმა კიზინგერმა ბრძანა, ვინაიდან ჩვენ, სამწუხაროდ, მათი დანიშნულება და შინაარსი საკმაოდ კარგად ვუწყით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში თუ რა იყო შტურმი, რა დარბევა და რა მშვიდობიანი სპეც.ოპერაცია...

ბატონ ნიკა მელიას შეეძლო დარჩენილიყო პოლიტიკოსად, მაგრამ მან თავად აირჩია ის გზა, რაც კანონგარეშეა, გზა რომელიც გადის სახელმწიფო დესტაბილიზაციაზე კანონის ფეხქვეშ გათელვაზე და ა.შ. ძვირფასებო, აღნიშნული დაუმორჩილებლობა და სახელმწიფო ინსტიტუტების უგულებელყოფაა, კერძოდ, სასამართლოსი, მოგვწონს თუ არა მისი განაჩენი, დარწმუნებული ვარ, იმაზე მკაცრად ისჯება თქვენთან, ვიდრე ეს საქართველოშია“, - აღნიშნავს ვეფხვია გულედანი.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა, 23 თებერვალს დაახლოებით 09:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

ოპოზიციის ლიდერი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

„ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა შემაშფოთებელია“ - ანდერს ფოგ რასმუსენი

ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“ ქვეყანა უკან დახია - ნათია მეზვრიშვილი

ხელისუფლებამ მოკლე დროში უნდა გაათავისუფლოს ნიკა მელია - კვირიკაშვილი