მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შს მინისტრის მოადგილე: ახალქალაქში პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული

შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია, ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული, რომლებიც შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ.

„გუშინ, ახალქალაქში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1983 წელს დაბადებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მოკლა 1993 წელს დაბადებული პირი. მკვლელობის შემდგომ დაპირისპირება გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში, რასაც შედეგად მოჰყვა კერძო საკუთრების დაზიანება. ამავე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ხედავთ, ვითარება სტაბილურია, პოლიციის მაქსიმალური ძალები არის მობილიზებული, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება",- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე პირია დაშავებული და ამ მიმართულებითაც გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს ახალქალაქში ცენტრალური პარკის მიმდებარედ, ადგილობრივი ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინცინდენტის დროს 27 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მას ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქში 27 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.