მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შს მინისტრის მოადგილემ NDI-ის პრეზიდენტთან არჩევნების საკითხი განიხილა

არჩევნების საკითხის განხილვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნინო ცაციაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან - დერეკ მიტჩელთან და NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ნინო ცაციაშვილმა ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს არჩევნებთან დაკავშირებით რელევანტური ინფორმაციის დაინტერესებული მხარეებისთვის პროაქტიულად მიწოდებისა და არჩევნების პროცესში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მნიშვნელობაზე. საუბარი, ასევე, შეეხებოდა კოვიდ-19-თან დაკავშირებით უსაფრთხო ზომების მიღების მნიშვნელობასა და საჭიროებას.

ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ NDI-ის წამყვანი ექსპერტი და საარჩევნო პროგრამის დირექტორი - პატრიკ მერლო, NDI-ის ყირგიზეთის ოფისის დირექტორი - ალან გილამი, NDI-ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი - ლორა ჯუიტი, NDI-საქართველოს პროგრამის უფროსი მენეჯერი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში - თეონა ყუფუნია და NDI-ის საპარლამენტო პროგრამების კოორდინატორი - მარიამ ბარამიძე.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.