მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს ბათუმში, საკარანტინო ზონაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს და უკვე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია მომხდართან შემხებლობაში მყოფი 10-მდე პირი და ამოღებულია ფ.ჯ.-ს პირადი ნივთები.

„დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, 1993 წელს დაბადებული ფ.ჯ. ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით იმყოფებოდა თავის მეგობართან - შ.თ.-სთან ერთად. გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, საკარანტინო სივრცეში ფ.ჯ. გახდა აგრესიული და იქცეოდა არაადეკვატურად. კერძოდ, მან დატოვა სასტუმროს ნომერი, გამოვიდა დერეფანში და ხმაურობდა, დააზიანა სასტუმროს ინვენტარი, რითაც დაარღვია საკარანტინო წესები. გამოძიების ინფორმაციით, შ.თ. შეეცადა მეგობრის დამშვიდებას. წესრიგის

დაცვისკენ ფ.ჯ.-ს დაცვის პოლიციის და სასტუმროს თანამშრომლებმაც მოუწოდეს, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ მოწოდებას, რის გამოც სასტუმროს ადმინისტრაციამ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.

ადგილზე მისულმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფ.ჯ.-ს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს ასევე საჭიროების შემთხვევაში მას დახმარებაც შესთავაზეს. სამართალდამცველებთან გასაუბრების შემდეგ ფ.ჯ. დამშვიდდა, დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სასტუმროს ნომერში დაბრუნება გადაწყვიტა, მისივე დროებითი საცხოვრებელი ოთახისკენ გაემართა, თუმცა მოულოდნელად მიბრუნდა და სასტუმროს მე-4 სართულიდან შენობის შიდა ტერიტორიაზე გადახტა. ამ დროისთვის, დაშავებული ფ.ჯ. იმყოფება თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

ცნობისთვის, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.