მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-მ ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე ფაქტების შესწავლა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

30 ოქტომბერს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხება არჩევნების პერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას, ასევე, საჯაროდ დასახელებულ კონკრეტულ პირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტების შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის გამოკითხვები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტზე“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში.

მან დამკვირვებლებს მოუწოდა, რომ პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე - დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე.