მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს: ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუაა

ბანკზე სავარაუდო თავდამსხმელი

ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი პირი ბადრი ესებუაა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თავდამსხმელის იდენტიფიცირება პოლიციამ იმავე ღამეს შეძლო.

„ვინაიდან, საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია იდენტიფიცირებული პირის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს“, - აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა.