მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის მამა: თვითმკვლელობის არ მჯერა

თამარ ბაჩალიაშვილის მამა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს მისი შვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

„არ მჯერა, რომ თვითმკვლელობაა, ეს მოდის გარედან. ამის ეჭვი მაქვს და ყველაფერს დავამტკიცებ. არ გავჩერდები, სანამ საქმე ბოლომდე არ მივა. უნდა დაიწყონ სამსახურიდან, სადაც მუშაობდა. ბევრ რაღაცას მერე დავამატებ“, - აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, მისი შვილი სამსახურიდან სახლში განერვიულებული ბრუნდებოდა.

„ხანდახან ბავშვი აღელვებული მოდიოდა. პანდემიამდე ოფისში იყო, პანდემიის დროს კი, სახლიდან მუშაობდა. კომპიუტერთან რომ ჯდებოდა, აღელდებოდა, თუმცა არაფერს მეუბნებოდა. არ მაჩვენებდა სამსახურს. ამაში ძალიან დიდი რამეა დამარხული, სანამ არ გავარკვევ, ვერ მოვისვენებ“,- აღნიშნა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მისი შვილი, ბოლოს სახლიდან კარგ ხასიათზე გავიდა.

„მეზობელს მიესალმა, ცოტა იხუმრეს, ჩაჯდა და წავიდა“, - აცხადებს „მთავართან“ ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

5 დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში იპოვეს. ის 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

მანამდე, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი ტყეში მწყემსმა იპოვა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ფაქტს თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურს უკავშირებენ და ამბობენ, რომ თამარი სამსახურიდან სახლში ხშირად აგრესიული ბრუნდებოდა.