მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის მობილურს ექსპერტიზა ჩაუტარდება

23 წლის გარდაცვლილი გოგო

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მობილურის ექსპერტიზა იწყება. ამის შესახებ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაიწყება და ყველა ის ინფორმაცია, რაც ამ მობილურთან არის დაკავშირებული, შემოწმდება. დავაკვირდები, როგორ იქნება ეს პროცედურები ჩატარებული, რა ინფორმაცია იქნება ამოღებული. ვნახოთ, შემდეგ კიდევ რასთან გვექნება საქმე“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატი ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზას უნდობლობას უცხადებს. ამასთან ამბობს, რომ მობილური ტელეფონი მის თვალწინ დაილუქა და მისივე თანდასწრებით გაიხსნება. რაც შეეხება ლეპტოპს, ის მანამდე დაილუქა, სანამ პროცესში თავად ჩაერთვებოდა.

„რაც შეეხება ლეპტოპს, მის მიმართ არის უნდობლობა, ამისთვის ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, ველოდებით ახლა როგორ განხორციელდება FBI-ს მიმართ, იგივე სასამართლოს განჩინების თანახმად ჩართულობა, რა შინაარსის ინფორმაცია იქნება გამოთხოვილი.

მობილური ტელეფონი დაილუქა ჩემს თვალწინ, რადგან ის ავტომობილიდან იყო ამოღებული. ლუქზე ჩემი ხელმოწერაა. ლეპტოპზე არ ყოფილა ჩემი ხელმოწერა, რადგან ის ჩემს ჩართულობამდე იყო ამოღებული, სახლიდან წაღებული. ვნახავ რა მდგომარეობაშია“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ექსპერტიზას ადვოკატის გარდა დაესწრებიან თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ძმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.