მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: საქმეში ისეთი რაღაცაა, რაც ყველაფრის არსებობას უშვებს

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

„არის საქმეში ისეთი რაღაც, რაც ყველაფრის არსებობას უშვებს“, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ მას ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია აეჭვებს.

„არის ისეთი გარკვეული რამ, რაც ყველაფრის არსებობას უშვებს. თვითმკვლელობასაც და ისეთ რამესაც, რამაც მკვლელობაზეც შეიძლება გაგვიჩინოს ეჭვი. თუ ეძებდნენ და მანქანა 5 დღე იქ იდგა, მაშინ უნდა ეპოვნათ. თუ არ ეძებდნენ, ესე იგი ეს უკვე მათი პასუხისმგებლობის საკითხია. გოგონა იმდენი ხნის გარდაცვლილია, რომ მანქანას თვითონ ვერ მიიყვანდა ანუ ვიღაცის მიყვანილია. რამდენიმე ფურცელი იყო სხვადასხვა შინაარსის, ადამიანები, რომ რაღაცებს ინიშნავნენ, ამდაგვარი რამ იყო, არც ანაბარი იყო მითითებული, არც ის, რისთვის უნდა გამოეყენებინათ, ყველა პლასტიკური საბანკო ბარათი ჰქონდა თან“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, 18 ივლისს გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში იპოვეს. ის 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

22 ივლისს, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი ტყეში მწყემსმა იპოვა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ფაქტს თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურს უკავშირებენ და ამბობენ, რომ თამარი სამსახურიდან სახლში ხშირად აგრესიული ბრუნდებოდა.

ბაჩალიაშვილის ცხედარი პროზექტურაში 22 ივლისს გადაასვენეს.

23 წლის გარდაცვლილი გოგოს მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი თავისი შვილის თვითმკვლელობის ფაქტს გამორიცხავს.

ასევე, 22 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში წერილი იპოვეს.