მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავის საკრებულოს წევრს ოჯახში ძალადობის ბრალდებით პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის ლოგო

თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა თელავის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდებულს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს მ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედებები მ.გ.-მ განახორციელა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის ივნისში მ.გ.-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.შ.-ს. ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.შ.-ს და შვილს 18 წლის ი.გ.-ს, მათ შორის ერთხელ არასრულწლოვანი, 7 წლის შვილის გ.გ.-ს თანდასწრებით. აღნიშნულის შემდეგ მ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ჰაერში და მ.შ.-ს, ი.გ.-ს და გ.გ.-ს მოკვლით დაემუქრა, მოგვიანებით კი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მეუღლეს მ.შ.-ს და შვილებს ი.გ.-ს, ე.გ.-ს და გ.გ.-ს სახლის დატოვება მოსთხოვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედებები მ.გ.-მ განახორციელა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.

სამართალდამცველებმა მ.გ. 2020 წლის 8 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126 მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილით, 111-151 მუხლის მე-2 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. მ.გ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.