მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია“ - იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მიღწეულ შედეგებზე

გოჩა ლორთქიფანიძე

„დღევანდელი განხილვის ფარგლებში პასუხს გავცემ 2 ძირეულ კითხვას: რას და როგორ მივაღწიეთ სტრასბურგის გადაწყვეტილებით.“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ, რომელსაც პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

იუსტიციის მინისტრი პარლამენტსა და ფართო საზოგადოებას სრულ ინფორმაციას აწვდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების და იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც ეს გადაწყვეტილება აჩენს.

„მივაღწიეთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ 17 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რაც საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას, დაადასტურა:

1 - ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია;

2 - საომარი მოქმედებების შედეგად რუსეთმა განახორციელა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია, მაშასადამე, რუსეთის მიერ დღემდე ხორციელდება ამ ტერიტორიების ეფექტური კონტროლი;

3 - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა;

4 - რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლისა და ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს, ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცოცავი ოკუპაციის შედეგებისთვის, დე-ფაქტო ორგანოების ქმედებების ჩათვლით, ანუ ნებისმიერი ინციდენტისათვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თუ ოკუპირებულ რეგიონებში, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა;

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ განავითარა დამკვიდრებული პრაქტიკა და ეფექტურ კონტროლს პირდაპირ უწოდა ოკუპაცია,

5 - სასამართლომ სეპარატისტების რუსეთზე დაქვემდებარება, ანუ რუსეთზე კონტროლი დაადგინა განგრძობადად - 2008 წლის ომამდე, ომის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში;

6 - ჩვენ მიერ მოთხოვნილი კონვენციის 8 მუხლიდან ერთადერთი განათლების უფლების დარღვევა არ დაადგინა, რომელიც საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წელს შეტანილი ახალი სახელმწიფოთაშორისი დავის საგანია;

გარდა ამისა, სასამართლომ თავისი ინიციატივით დამატებით დაადგინა რუსეთის მიერ კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებას;

7 - მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ფაქტობრივად ამბობს, გადაადგილების თავისუფლების (მე-4 ოქმის მე-2 მუხლი) დარღვევა დღემდე გრძელდება, ხოლო რუსეთს სასამართლომ პირდაპირ დააკისრა დევნილების უკან დაბრუნების ვალდებულება;

8 - სასამართლომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან დარღვევა დაადგინა ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს 2018 წელს ჩვენ მიერ შეტანილ სახელმწიფოთაშორის საჩივარს, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განგრძობადი ოკუპაციის შედეგებს და რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება;

9 - სასამართლომ ფაქტობრივად თქვა, რომ რუსეთის მხრიდან სავარაუდოდ ომის დანაშაულები იქნება ჩადენილი 8-12 აგვისტომდე, რისი გამოძიების ვალდებულება მას ჰქონდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, უფრო მეტიც, სასამართლომ განაცხადა რომ რუსეთი საქართველოს 2008 წლის მოვლენების ეფექტურად გამოძიების საშუალებას არ აძლევს, რაც ჰააგის სასამართლოს მიერ მისი იურისდიქციის ფარგლებში ამ დანაშაულების გამოძიებას და ჩვენს თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან აუცილებელს ხდის.“ - აღნიშნული ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა პარლამენტს დღეს წარუდგინა.

კითხვაზე, თუ როგორ მივაღწიეთ ყველაფერ ამას, ლორთქიფანიძე შემდეგნაირად პასუხობს:

„გვქონდა მრავალკომპონენტიანი, წინასწარ დასახული და გააზრებული სტრატეგია, რომელსაც მიზანსწრაფულად და თანმიმდევრულად ვახორციელებდით 2013 წლის დასაწყისიდან.“