მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზ.ხ.-ს ადვოკატი: არასრულწლოვნისგან ჩვენება იძულებითაა მიღებული

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატი

„არასრულწლოვნისგან ჩვენება იძულებითაა მიღებული და ამ ჩვენებაში კონკრეტული გარემოებები, რაც არის მითითებული, რეალობას არ შეესაბამება“, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითზე გამოძიება დაწყებულია.

„ეს ყველაფერი არ შეესაბამება რეალობას. გამოძიებას ძალიან უნდოდა დაენახა, საით გარბოდა შაქარაშვილი და ვინ მიყვებოდა მას. ვიცით, რომ „ტოიოტა ქამრის“ გაჩერების შემდგომ გამოიქცნენ პირები. ესენი იყვნენ: ახვლედიანი, ამირხანაშვილი, ქათამაძე. ჩვენ ისიც ვიცით ქათამაძის ჩვენებიდან, რომ ის დაიმალა გამყოფ ზოლზე, სადაც ბუჩქებია. ე.ი მის წინ გარბოდა 3 პირი, ახვლედიანი, ამირხანაშვილი, შაქარაშვილი და ის მისდევდა ამათ უკან. ის ჩაიმალა გამყოფ ზოლზე. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ვერ დაინახეს „ქამრის“ მგზავრებმა“, - აღნიშნა გელხაურმა და დასძინა, რომ გამოძიება ჩიხშია შესული.

„შაქარაშვილის საქმეში ჩვენ უნდა ვიკვლიოთ ის. თუ ვინ შეიყვანა გამოძიება ჩიხში “, - დასძინა გელხაურმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პირს პროკურატურამ ბრალი განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მუხლით წარუდგინა. დანარჩენ 12 პირს კი ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ ბრალი.


21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა არაგვში იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, მისი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.