მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერდოღანთან შეხვედრის შესახებ ფაშინიანის წინადადებას ბომბის ეფექტი ჰქონდა“ - ნორაირ ნორიკიანი

სომხეთ თურქეთის კონსულტაციები

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნიკოლ ფაშინიანი მას შეხვედრას სთავაზობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეშვეობით, სომხეთის პოლიტიკურ წრეებში აფეთქებული ბომბის ეფექტი ჰქონდა. ამის შესახებ პარტია „სამართლიანი სომხეთის“ ლიდერმა ნორაირ ნორიკიანმა განაცხადა. ინფორმაციას news.am ავრცელებს.

„ერდოღანის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახმარებით ნიკოლ ფაშინიანმა მას შეხვედრა შესთავაზა, სომხეთის პოლიტიკურ წრეებში ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. ამ განცხადების შინაარსს დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში, რაშიც რუსეთი მონაწილეობს. რა თქმა უნდა, ერდოღანის ასეთი გულახდილი საუბარი შემთხვევითი სულაც არ არის. ის რეგიონში თავისი პოლიტიკისთვის ახალი შინაარსის შეძენას და იმის ჩვენებას ცდილობს, რომ გადამწყვეტი ხმა სწორედ მას ეკუთვნის.

ამასთანავე, საჭიროა იმის გაანალიზება, თუ რატომ გადასცა ფაშინიანმა ეს წინადადება ერდოღანს სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეშვეობით. შესაძლოა, ფაშინიანი ცდილობს აჩვენოს, რომ ის დამოუკიდებელი მოთამაშეა. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ მოსკოვმა ამ კონსულტაციების შესახებ არ იცოდა. გასათვალისწინებელია ასევე ის გავლენა, რაც დასავლეთს გააჩნია საქართველოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე.

სომხეთ-თურქეთის ურთიერთობები და მათი მოგვარების პერსპექტივები არ არის რეგიონული, ლოკალური პრობლემები და ამ პროცესის წარმართვა საიდუმლოდ, რუსეთის და დასავლეთის გარეშე შეუძლებელია. სავსებით ნათელია, რომ აშშ, რუსეთი და ევროკავშირი ამ პროცესის შესახებ ინფორმირებულები არიან. ამის დამადასტურებელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, რომ სომხეთმა და თურქეთმა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაონ.

ასევე ჩნდება შეკითხვა, თუ რატომ გაასაჯაროვა ერდოღანმა ეს ინფორმაცია. ანუ მან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და არასანდო პარტნიორის იმიჯი შექმნა. ერთ-ერთი მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ ერდოღანმა, რომელიც არც რუსეთს არც სომხეთს ბოლომდე არ ენდობა, მიანიშნა იმის შესახებ, რომ ამ პროცესებში რუსეთიც მიიღებს მონაწილეობას. ანუ, როგორც მინიმუმ, ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება“ - განაცხადა ნორიკიანმა.

ასევე, პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ერდოღანმა ეს ინფორმაცია იმიტომ გაავრცელა, რომ მან ისედაც იცის, რომ მოლაპარაკების შესახებ ყველა გეოპოლიტიკური ცენტრი უკვე ინფორმირებულია, მაგრამ ის ცდილობს აჩვენოს, თუ ვინ ქმნის დღის წესრიგს რეგიონში და რომ სომხეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება სწორედ თურქეთზე იქნება დამოკიდებული.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ერდოღანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა გადმომცა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს

🔴 აზერბაიჯანმა სომხეთს ორი დაკავებული პირი გადასცა