მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეუთოში აშშ-ის მისია: შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს რეგიონების ოკუპაცია!

ეუთოს განცხადება

ეუთოში აშშ-ის მუდმივმოქმედი მისია რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს გმობს. ამის შესახებ მისიის პოლიტიკურმა მრჩეველმა ლეინ ბალმა განაცხადა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის დაჭრას და შემდგომ დაკავებას. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ - ნათქვამია მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნოს თავისი საჯარისო ნაწილები, ასევე უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი გაწევა.

„კატეგორიულად აუცილებელია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს თავისი მადესტაბილიზებელი ქმედებები, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება და დაასრულოს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაცია“ - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

11 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე დაჭრეს და გაიტაცეს. ზაზა გახელაძე კვლავ საოკუპაციო ძალების ტყვეობაში რჩება.